„ეკლესიაში სანთლის ანთებისას, ვიდრე საკუთარ კეთილდღეობას შესთხოვთ ღმერთს, ჯერ საქართველოს, სამშობლოს სიკეთე და გამარჯვება შესთხოვეთ“…

ქართველი ეთნოლოგი და ისტორიკოსი როლანდ თოფჩიშვილი ფეისბუქის გვერდზე საახალწლო მილოცვას აქვყნებს.
„ძვირფასო მეგობრებო! ყველას – დიდსა და პატარას – გილოცავთ ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის! მშვიდობის წელი ყოფილიყოს!
ახალ წელს ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ყველა ეთნოლოგს, ისტორიკოსს, ჰუმანიტარს, რომლებთანაც ერთად სამეცნიერო საქმიანობის უკვე ოთხ ათეულ წელიწადზე მეტი გავატარე! ახალ წელს ვულოცავ ყველა ჩემს უფროს და უმცროს კოლეგას, ჩემს ყოფილ მოწაფეებს, და-ძმას, ნათესავებს (რომლებიც ძალიან ბევრნი მყვანან)! ბედნიერი ახალი წელი დასდგომოდეთ საქართველოს საზღვრებს გარეთ (თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში, რუსეთში, დასავლეთში…) მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!
ბედნიერებას ვუსურვებ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს (ანდრიას და ანასტასიას), რომლებიც პაპას იმედნი არიან. და ბოლოს, ჩემს მეუღლეს – ლალის. როგორც ჩვენი წინაპრები დაილოცებოდნენ, მეც ისე დაგლოცავთ: მშვიდობა, ხვავი, ბარაქა მოეტანოს ახალ წელს საქართველოსათვის, მსოფლიოსათვის, თითოეული თქვენგანისათვის. ცუდი, რომელიც ძალიან ბევრი იყო, ძველ წელს წაეღოს!
გიყვარდეთ ერთმანეთი, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი! საქართველოში ფეხი მოიკიდა საყოველთაო გაუნათლებლობამ, უზნეობამ, ბილწსიტყვაობამ, ერთმანეთის სიძულვილმა, ათასმა უკუღმართობამ; ყველა ეს კი მხოლოდ ანგრევს ამ ქვეყანას. ქვეყანა და ქართველი ხალხი კატასტროფისაკენ მიექანება. ეს კატასტროფა კი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა, რომლის გამოსაწორებლად არავის არ სცალია.
ვისურვებდი ქვეყანაში ბევრი გაჩენილიყოს სიხარულის მომტანი ბავშვი. უფრო მეტი ქართველი დაბადებულიყოს 2020 წელს, ვიდრე წინა წლებში. დამდგარიყოს ისეთი წელიწადი, როდესაც აღარავინ აღარავის აღარ მოკლავს, აღარავინ აღარავის ცილს არ დასწამებს, აღარავინ საქმეს აღარ ჩააწყობს და მხოლოდ დამსახურებითა და ცოდნით მიეღოთ, რისაკენაც მიისწრაფვიან ადამიანები.
ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემა არაკანონმორჩილებაა. ვისურვებდი ყველა კანონმორჩილი გამხდარიყოს.
ისეთი ახალ წელი დამდგარიყოს, რომ განსხვავებული სამეცნიერო შეხედულებისათვის შენს კოლეგას შეკვეთა აღარ მიეცეს „ყვითელი პრესისათვის“, რომელშიც ნამდვილი მეცნიერის ლანძღვა ქების ტოლფასია.  მე მიმიტევებია ასეთი ჩასაფრებული „კოლეგისათვის“, რადგან ქრისტიანად მიმაჩნია თავი. ყველანი ვიყოთ 10 ქრისტიანული ცნების მიმდევარი.ყველას სიყვარულს გისურვებთ, სიყვარულს ერთმანეთისას, საქართველოს სიყვარულს! კიდევ ერთი –  ეკლესიაში სანთლის ანთებისას და ლოცვისას, ვიდრე საკუთარ კეთილდღეობას შესთხოვთ ღმერთს, ჯერ უზენაესს საქართველოს, სამშობლოს სიკეთე და გამარჯვება შესთხოვეთ!
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი საქართველოსათვის, ქართველი ხალხისათვის, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის,ყველა ჩემი მეგობრისათვის!“ – წერს როლანდ თოფჩიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები