თეა წულუკიანი: ბიბილოვის განცხადება არამხოლოდ უპასუხისმგებლობაა, არამედ ფაქტობრივად მოსახლეობის ტყვეობაში მოქცევაა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთვევაში კი, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ შეძლებს.

​მინისტრის შეფასებით, ეს უპასუხისმგებლო განცხადება და მოსახლეობის ტყვეობაში მოქცევაა.

„ბატონი ბიბილოვის ეს განცხადება არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ პრაქტიკულად შეიძლება დახასიათდეს როგორც ადამიანების და მოსახლეობის მახეში მოქცევა და ტყვეობაში მოქცევა. მათთვის იმის აკრძალვა, რომ არ იქონიონ ოჯახური და სხვა პირადი კავშირები საკუთარ გარემოცვასთან, რაც არის ნამდვილად უკიდურესად შემაშფოთებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​ცნობისათვის, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა. ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პასპორტი ჩააბარონ. რაზეც ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები