სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა წლიური ანგარიში წარადგინა
ზუგდიდის ტექნო პარკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ალექსადრე მოწერელიამ, მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში უკვე განხორციელებულ და მომავალ 2020 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
გუბერნატორის თქმით, 2019 წელს რეგიონში, 400 მილიონი ლარის 1 565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მოწერელიას განცხადებით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები.
“ჩვენ ვაძლიერებთ განათლების სფეროს დაფინანსებას – მომავალ წელს სრულ რეაბილიტაცის ვუტარებთ რეგიონის 14 სკოლას და ვახდენთ 9 სკოლის მშენებლობას, ამასთან, აშენდება 14 ახალი საბავშვო ბაღი. ვაგრძელებთ ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესს, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს პირველად ჯანდაცვაზე წვდომა თავისივე საცხოვრებელ ადგილზე. ვზრუნავთ დევნილთა განსახლების პროგრამებზე, ვაშენებთ დამატებით ხუთ 12 სართულიან კორპუსს ზუგდიდში, რითაც 1000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემას გადავუჭრით“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაგეგმილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რომლის ფარგლებში, წელსვე, ზუგდიდისთვის 15 ახალი ავტობუსი იქნა შეძენილი, მომავალ წელს კი 25 ახალ ავტობუსს ზუგდიდი, ხოლო 10 ავტობუსს ფოთი მიიღებს.
“ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ტურიზმი, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მხოლოდ დაბა მესტიაში, საოჯახო სასტუმროების რიცხვი 337 შეადგინა, 2013 წლამდე ეს ციფრი 36-ს არ აღემატებოდა, სასტუმროების უმეტესობამ სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, ამისთვის დიემოსთან ერთად ვმუშაობთ ახალი ტურისტული მარშრუტების და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზებისთვის”, – აღნიშნა ანგარიშის პრეზენტაციაზე ალექსანდრე მოწერელიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის წლიურ ანგარიშს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, მოქალაქეები, სტუდენტები, სასულიერი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელის ბიუჯეტი მოქალაქეებზე ორიენტირებული იქნება.