არჩილ თალაკვაძე: ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ვხედავთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ საქართველოს მხარს უჭერს.
“თუ უნდა გავაკეთო შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებასა და მის ხედვაზე საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვიხელმძღვანელებდი, პირველ რიგში, ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და სადაც ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. თუ ვართ ის პოლიტიკოსები, ვისაც გვაინტერესებს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ, ამ გადმოსახედიდან უნდა ვიმსჯელოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს. ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, აქ არის ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად. ეს არის სწორედ ის, რაც მომავალში გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებას საქართველოს მიმართ წინა ადმინისტრაციის პირობებში ბევრად მკაცრი კრიტიკა ახსოვს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია განცხადებაში.