თეა წულუკიანი: “ნაცმოძრაობას” და მის დანაყოფებს შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ სპეციალური სიის შექმნის საკითხზე, რომელიც “პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელ ინტერპარტიული კომისიის“ ფარგლებში იქმნება განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს შავ სიაში ჰყავს ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს.
“მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სერიოზულ კომენტარს ჩემი მხრიდან არ საჭიროებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რა თქმა უნდა, შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის და ვინც ისინი დაამარცხა 2012 წელს. ალბათ კიდევ მეორე შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვინც კიდევ დავამარცხებთ 2020 წელს. ამიტომ მოამზადონ ფურცელი და კალამი, ბევრი შავი სიის დაწერა მოუწევთ გაისადაც“, – განაცხადა წულუკიანმა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სიას სპეციალური კომისია 8 იანვარს გამოაქვეყნებს. მათი განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელიც საბოლოოდ საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნებათ და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.