ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 61 236 200 ლარს შეადგენს. როგორც ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები იქნება.
“პრიორიტეტები არ შეცვლილა და ისევ იქნება ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მიმართულებები. ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჯერჯერობით ადგილიბრივი სახსრებით დაიხარჯება 12,5 მლნ ლარი, თუმცა ველოდებით რეგიონული განვითარების ფონდიდად თანხების გამოყოფას, რომელიც წლის განმავლიბაში ეტაპობრივად გაიზრდება. ჯამში გამოიყოფა 12 მილიონი და შემდეგ დაემატება ორი მილიონი, რომელიც სკვერების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება”, – აღნიშნა დავით ნიშნიანიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი, ერთი მილიონი ლარი ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული. დავით ნიშნიანიძის თქმით, პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისი სამსახური 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს მუშაობას.
ნიშნიანიძის განმარტებით, კულტურის სფეროს მიმართულებით 4,2 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო კულტურული ღინისძიებებისთვის 937 000 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ზრდა არის ჯანდაცვის მიმართულებითაც, კერძოდ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამებზეც მოსალოდნელია დაფინანსების გაზრდა.
“მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციისკენ გადადგმულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ უფრო ღია, გამჭირვალე და შედეგობრივი გახადა ბიუჯეტის ფორმირების პროცესი. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებისას მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ღია დიალოგის და საჯარო შეხვედრების ფორმატები, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან ერთად ჩართული იყო საკანონმდებლო და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი.
ვფიქრობ, ბიუჯეტის პრიოროტეტები სწორად პასუხობს მოსახლეობის მოლოდინებს და მოთხოვნებს.
ბიუჯეტის შესრულების პროცესში საკრებულო მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა აწარმოოს ეფექტური კონტროლი ბიუჯეტის ხარჯვით თუ შესრულების ნაწილზე”, – აღნიშნა საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.