ბექა ნაცვლიშვილი: ვინც ტროლებს იყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, ყველა მხარის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს
ძალიან კარგი იქნება, თუ გამოძიება ჩატარდება, იმიტომ, რომ ვინც მართლა ტროლებს იყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, აბსოლუტურად ყველა მხარის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცადა.
ნაცვლიშვილი Facebook -ის ადმინისტრაციის მიერ ქართული გვერდების წაშლას გამოეხმაურა.
„აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალას და არა თუ პოლიტიკურ ძალას, ორგანიზაცებსაც ჰყავთ ტროლები. ეს კოლონიალური დამოკიდებულება „ფეისბუქის“ მხრიდან საქართველოს მიმართ, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. გამოაშკარავდა, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში ბოროტად იყენებდა „ფეისბუქს“. როცა ასეთი რაღაც ხდება, საქართველო რადგან პატარა ქვეყანაა, საქართველოში ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილო და დიდ ქვეყნებში ამ საკითხმა არ უნდა დაგაინტერესოს? ორმაგ სტანდარტს ვერ ვხდები, თორემ, ხელისუფლებას რომ ტროლები ჰყავს, კი, ვიცი. ჩანს, ეს რომ ტროლები არიან.
ძალიან კარგი იქნება, გამოძიება თუ ჩატარდება, იმიტომ, რომ მართლა ვინც ტროლებს იყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, აბსოლუტურად ყველა მხარის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. იმიტომ, რომ არ შეიძლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სხვადასხვა მექნიზმით. ზოგს შეიძლება 1000 ტროლი ჰყავდეს, ზოგს 500, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოქმედებს. ტროლების აღმოფხვრა კი არ არის პრობლემა, ზოგადად ის დამოკიდებულება, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკის მიმართ აქვთ, რომ ტროლების საფუძველზე ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, 20 დეკემბერს ფეისბუქმა საქართველოში მოქმედი 344 გვერდი, 39 ყალბი ანგარიში, 22 ინსტაგრამის გვერდი და 54 ჯგუფი წაშალა. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, “ქართულ ოცნებასთან” იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ. ჯამში ამ გვერდების რეკლამირებაში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თითქმის 316 000 დოლარი იყო დახარჯული.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ Facebook-ის განცხადება რეაგირებას საჭიროებს და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
აუდიტის სამსახური „ფეისბუქის“ განცხადებას სწავლობს, რომელიც ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას ეხება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აუდიტის სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის კომპეტენცია „ფეისბუქის“ განცხადების შინაარსში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად „ფეისბუქის“ განცხადებას ეცნობა. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი აღნიშნული განცხადების შინაარსში,“ – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
თამუნა შეყილაძე