ქუთაისში “გაბედეს” აქტივისტი და გოგი წულაია 1000-1000 ლარით დააჯარიმეს
მოძრაობა “გაბედეს” წევრი, რომელმაც ქუთაისის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების ფოტოებით სათამაშოების დაკიდება სცადა, 1000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმა დაუწერეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს, გოგი წულაიასაც, რომელიც 11 დეკემბერს აქცია-პერფორმანსს შეუერთდა.
“გაბედეს” აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი 1 000-ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მათი თქმით, მერიის ქმედება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
“ეს არის შერჩევითი სამართალი და უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჩვენ დავჯარიმდით 1000 ლარით მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” წევრებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარბევისათვის გაფრთხილებაც არ მიუღიათ. ეს არის ჩვენი დაშინების მცდელობა,” – ამბობს გაგი ახალაძე.
ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსებას გულისხმობს.
“ვერ დავეთანხმები, ნამდვილად არანაირ შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული, სადაც მითითებულია, რომ თვითნებურად დაზიანება, სურათების დაკიდება, პლაკატების და ფოტოების გაზონებსა და ხე-ნარგავებზე არის დასჯადი. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად დაკიდეს ფოტოები, ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში. თეატრი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით მსგავს ქმედებაზე გათვალისწინებულია 1000-ლარიანი ჯარიმა”, – განმარტავს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკა გრიგოლაშვილი.
საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.
“გაბედეს” აქტივისტებმა სათამაშოების დაკიდება მთავარ ნაძვის ხეზე 11 დეკემბერს სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს.