ბექა ნაცვლიშვილი: ბრძოლა იმიტომ კი არ მიდის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ბრძოლა იმისთვის მიდის, რომ პარლამენტში მოვხვდეთ

ბრძოლა იმიტომ კი არ მიდის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ბრძოლა იმისთვის მიდის, რომ რამენაირად პარლამენტში მოვხვდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს პროცესი მოქალაქეებს პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან უფრო აუცხოებს.
„ჩემი პოზიციაა შემდეგი, კარგი იქნებოდა პროპორციული არჩევნები, მაგრამ ნებისმიერი არჩევნების შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის მეც, უნდა მოვახერხოთ და ადამიანები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ვინც მოქალაქეებს ამაში დაარწმუნებს, ის გაიმარჯვებს ნებისმიერი სისტემით.

ბრძოლა იმიტომ კი არ მიდის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ბრძოლა იმისთვის მიდის, რომ რამენაირად პარლამენტში მოვხვდეთ და ეს პროცესი მოქალაქეებისთვის არის უფრო მეტი გაუცხოების საფუძველი პოლიტიკის მიმართ.

საზოგადეობის დიდი ნაწილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები პროპოციული სისტემით ჩატარდება, შერეულით თუ ა.შ. ისევ მოხდება შემდეგნაირად, რომ პარლამენტში რაღაც ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესით, მიიღებენ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას არაფერს ჰკითხვენ.

მე, როგორც მოქალაქეს, გამიჩნდებოდა კითხვა, ვიღაცები ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს, ვიღაცები მაჟორიტარულს, ჩნდება კითხვა: არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უთქვამს რეალური პრობლემების გადაჭრას როგორ აპირებს. ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობაა. ვიღაც პოლიტიკოსები რომ მიდიან და სხვადასხვა ტიპის და სისტემის არჩევნებს ითხოვენ, ეს კიდევ უფრო აუცხოებს მოქალაქეებს პოლიტიკოსებისგან. იმიტომ, რომ არცერთი არ ამბობს თუ რაში სჭრიდება ეს არჩევნები. თუ არ ვიცი, რას გააკეთებს ეს პოლიტიკური პარტია საერთოდ არ მაინტერესებს, პროპორციულად ავირჩევ მას, თუ მაჟორიტარული წესით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.

„ძალიან საინტერესო ინიციატივაა, თავის დროზე ეს ინიციატივა დამუშავებული მეც მქონდა. მაგრამ აუცილებელია ამის ფართო, საჯარო განხილვები. ისე, რომ ვიღაც პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ სავალდებულო იქნება, თუ არასავალდებულო არჩევნები, ასე არ გამოვა, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე ფართო დისკუსიები უნდა გაიმართოს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დააყენა.
„უპირატეს მნიშვნელობას ფრაქცია კვლავაც ანიჭებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას 2020 წლიდან და მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული საკითხის განხილვა.

კომპრომისის მიღწევის გზაზე, მეორე ალტერნატივად განვიხილავთ ერთჯერადად – 2020 წლის არჩევნებისათვის – მაჟორიტარული მანდატების შემცირების წინადადებას პროპორციული მანდატების გაზრდის ხარჯზე, მხოლოდ იმ პირობით, თუ არჩევნებში მონაწილეობა გახდება სავალდებულო”-წერია განცხადებაში.

დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა იქნება გარანტი, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე თანაბრად გაინაწილებს პასუხისმგებლობას საკუთარი ხელისუფლების არჩევისა და ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები