გიგა ბოკერია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სისხლიანი რეჟიმის ხელიდან დროზე გამოვიხსნათ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლება, რომელიც მომავალში მოქალაქეებს საფრთხეს შეუმცირებს.

“ვაჟა გაფრინდაშვილის, ამ გამორჩეული პატრიოტის და მოღვაწის შემთხვევა არ არის ცალკე იზოლირებული, უბრალოდ გამორჩეულია მისი პერსონიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად არის სახე პუტინის რეჟიმის, როგორ ექცევა ის ადამიანებს, მოქალაქეებს ყველგან და მათ შორის პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგაც ასეთ აგრესიას ახორციელებს, ამ ყველაფრის მსხვერპლია ექიმი გაფრინდაშვილი. ქვეყანას მთავრობა იმისთვის ჰყავს, რომ ასეთ მტერს დაუპირისპიროს გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ამცირებს რისკებს. პროვოკატორებად მოგვნათლეს, როდესაც ვთქვით, რომ უნდა დავსახოთ გეგმა, როგორ გადაიხდის რუსეთი ფასს თითოეულ ასეთ შემთხვევაში, რაც არის შემაკავებელი ფაქტორი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროზე გამოვიხსნათ ამ სისხლიანი რეჟიმის ხელიდან, რასაც პუტინის რეჟიმი ჰქვია და მარიონეტები ცხინვალში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მთავრობის შეცვლა, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მომავალში სხვა მოქალაქეებს საფრთხე შეუმციროს“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ 20 დეკემბერს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები