ირაკლი კობახიძე: აშშ-ის მხარდამჭერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში 2020 წელს პოლიტიკური პროცესები სწორად განვითარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, აშშ-ის მხარდამჭერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები სწორად განვითარდეს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც არის მთავარი უწყება ამ მიმართულებით, მხარდამჭერი განცხადება. აქ არის გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი -ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვმუშაობდით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის პირველ რიგში, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში. ასევე, ჩვენი ამერიკელი მეგობრები მიესალმებიან იმ დიალოგს, რომელშიც შევედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში, იცით, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მაღალ შეფასებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ოპონენტებმა არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც.

“არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც ეს განცხადება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არის აშკარა მიკერძოება. განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. მარტივად არის აქ ყველაფერი განმარტებული. ორი ძირითადი საკითხია გამოყოფილი. პირველი – სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, ხედავთ, რომ ამაზეა აქცენტი გაკეთებული.

როცა ვამბობდი, რომ არასწორად ითარგმნება, სწორედ ეს არის არასწორი თარგმანი. პოლიტიკურ პროკურატურაზე, არც პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა, რათა არ იყოს არანაირად უზრუნველყოფილი მიკერძოება პროკურატურის ან სასამართლოსი. წერია, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ არ იყოს მიკერძოებული არც პროკურატურა, არც სასამართლო. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა, უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენენ, კარგად იციან, რომ ეს განცხადება რეალურად არის მხარდამჭერი განცხადება. რაც შეეხება ძალისხმევის გაძლიერებას, რაზეც არის საუბარი სასამართლოსთან, პროკურატურასთან მიმართებით, ამაზე ვსაუბრობთ მთელი პერიოდია, ამისთვის განხორციელდა მათ შორის მეოთხე ტალღა და მეოთხე ტალღას სჭირდება განხორციელება პრაქტიკის დონეზე“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. “ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები