გენადი არველაძე: ქართული პროდუქციისადმი ინტერესის და ექსპორტის გაზრდის მიზნით კორეულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ  

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრები იმართება კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

ქართულმა დელეგაციამ პირველი ორმხრივი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მინისტრის მოადგილესთან, ჯუნგჩუნ ჩასთან გამართა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართული და კორეული სტარტაპების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

გენადი არველაძის განცხადებით, ბოლო წლებში ძალიან ინტენსიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები კორეასთან, რასაც ადასტურებს კორეული კომპანიების მაღალი ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ.

„კორეული მხარე გამოხატავს ინტერესს ისეთი საექსპორტო პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, თხილი, წვენები, ბოსტნეულის ნაწარმი, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქტი. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ორმხრივი შეხვედრები და აქტიური ურთიერთობა ორი ქვეყნის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორს შორის უახლოეს მომავალში კონკრეტულ, ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს, მათ შორის სტარტაპების ხელშეწყობა-განვიტარების კუთხითაც”, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები