ზურაბ პატარაძე: აზერბაიჯანი ჩვენთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და ამას ბოლო 10 თვის ეკონომიკური მონაცემებიც ადასტურებს, რომლის თანახმადაც სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 850 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

როგორც დღეს თბილისში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მერვე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პატარაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრას ერთგვარი გაგრძელება ბაქოში ექნება, სადაც 2020 წლის დასაწყისში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია შეიკრიბება და ბევრ მნიშვნელოვან პროექტს და საკითხს განიხილავს.

“ორმხრივ ფორმატში გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, 2020-ის წლის დასაწყისში დაგეგმილია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვა ქალაქ ბაქოში, სადაც განხილული იქნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და საკითხი, რომელიც დაგროვდა დღის წესრიგში ქვეყნებს შორის. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, სადაც მოწვეულები იქნებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, და ვფიქრობ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და ნაყოფიერი მუშაობა, რათა უფრო გაძლიერდეს ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური. აზერბაიჯანი ჩვენთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, 2019 წლის განმავლობაში, 10 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 850 მილიონამდე დოლარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში ეს ციფრი გაიზრდება და ავალთ უფრო მაღალ ნიშნულებზე”, – აღნიშნა პატარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები