საფრანგეთის სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
საფრანგეთში ექს-ან-პროვანსის სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, 47 წლის კახაბერ შუშანაშვილს, იგივე კახა “რუსთავსკის” სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ შუშანაშვილი 2010 წელს ე.წ. კანონიერი ქურდის ვლადიმირ ჯანაშიას, იგივე ლადოს მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო.
ფრანგული მედიის ცნობით, შუშანაშვილმა ჯანაშიაზე თავდასხმა ნიცაში 2010 წლის 14 თებერვალს განახორციელა, როდესაც სამკაციანმა ჯგუფმა მის ბინაში შეჭრა სცადა. მათ დაჯავშნულ კარს 60-ზე მეტი ტყვია ესროლეს, თუმცა ჯანაშიამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ბინიდან გაქცევა აივნიდან შეძლეს. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 18 მარტს ჯანაშია მარსელში მოკლეს. აღნიშნული საქმის ფარგლებში, სამუდამო პატიმრობა ასევე მიესაჯა დავით მაზანაშვილს.
ჯანაშიას მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით კიდევ სამი ქართველი გასამართლდა. მათგან ერთ-ერთი, ზურაბ ნადირაშვილი მხოლოდ ყალბი საბუთების გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ, მკვლელობასთან კავშირის ბრალდება კი მოუხსნეს, ის სასამართლომ გაათავისუფლა. საქმის კიდევ ორ ფიგურანტს, მიხეილ წულუკიძესა და მინდია კოზანაევს შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.