ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, ოჯახსა და ადვოკატს საშუალება ექნებათ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა მოიპოვონ.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური თავდასხმაში პეტრე ყუფარაძის მონაწილეობას გამორიცხავს.
“სიმართლე გითხრათ, მე ის ვიცი რომ ცოტნეს ნივთები ეყარა ჭიშკართან, სისხლი ესხა ჭიშკართან. თუ სუფრაზე იჩხუბეს, ჭიშკართან როგორ მოხდა?! მე ვფიქრობ, რომ მას ჭიშკართან დახვდნენ ეს ადამიანები. ვერსიებში ცოტა აბსურდული და არაკორექტული რაღაცები წერია. პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ძალიან ახლო მეგობარი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ის გამორიცხულია, თავდასხმის მონაწილე ყოფილიყო,” – აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები