გიგი უგულავა ხელისუფლების შეთავაზებაზე: ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა
ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ახალი შეთავაზება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის წინადადება განხილვადაც არ ღირს.
„მგონი, მარცხენა ფეხზე ადგა დღეს. ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ის განხილვადაც არ ღირს. პასუხი არის წადით, იმეცადინეთ, ივარჯიშეთ და რამე აზრიანი მოიტანეთ. რატომ არის ივანიშვილი ხაფანგში? იმიტომ, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 არჩევნების შემდეგ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით. შესაბამისად, ხალხს და ოპოზიციას გვიჭირავს ხელში ჯოკერი და ვზივართ ბოლოში. შემოთავაზებული მოდელი 100/50-ის გარდა, ამ ნორმის ცვლილებასაც გულისხმობს. ანუ ეს უგვანები მოვიდნენ სისტემით, რომელიც ხუნდაძე-ბერაიასთან შეათანხმეს და გვეუბნებიან, ახლა ჯოკერიც ქვემოდან ამოდეთო. ყველა სიკეთესთან ერთად უბრალო იდიოტებთან გვაქვს საქმე. მათი შიშია, რომ ოპოზიცია 2020 არჩევნებს ასე თუ ისეთი ფორმით ერთიანობით წარმართავს, მოუგებს, დაშლის უსამართლო სისტემას და ჩაატარებს კონსტიტუციურ სამართლიან პროპორციულ არჩევნებს. სწორედაც გეშინიათ. ეგრეც მოხდება, ოღონდ ასეთ შემთხვევაში ოცნებისგან ნამსხვრევები დარჩება, როგორც მოქალაქეთა კავშირისგან და აღორძინებისგან დარჩა თავის დროზე. სწორადაც გეშინიათ! განწირულები ხართ! თქვენივი კობახიძის ხაფანგში ხართ. გამოსავალი პროპორციულ არჩევნებშია, სადაც ოცნება წააგებს, ვერ შექმნის მთავრობას, მაგრამ გააგრძელებს ოპოზიციურ არსებობას. არ გინდათ?! მაშინ გახსოვდეთ, ჯოკერი ჩვენს ხელშია“ ,- დაწერა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში.
მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.