დოგუ ფერინჩექი: ჩვენი მთავარი მიზანია, თურქეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

თურქეთის პარტია „ვათანის“ თავმჯდომარის დოგუ ფერინჩექის განცხადებით, პარტია ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ თურქეთმა „აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს“.

ამის შესახებ ფერინჩექმა ოკუპირებულ აფხაზეთში 15-17 დეკემბერს დელეგაციასთან ერთად ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ჩვენი პირველი ვიზიტია, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი მიზანია – ძალღონე არ დავიშუროთ, რომ თურქეთის რესპუბლიკამ აფხაზეთის რესპუბლიკა აღიაროს, აღიაროს ის გმირობა, რომლის დამსახურებითაც აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. აფხაზეთი არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვაში იმპერიალიზმს ებრძვის. ჩვენ აფხაზეთთან ასევე ისტორიაც გვაკავშირებს. თურქეთში 500 ათასი აფხაზი ცხოვრობს – ეს დიდი რიცხვია. ჩვენ მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაქვს. შავი ზღვა – ჩვენი საერთო სამშობლოა, რომელსაც აფხაზებთან ვყოფთ“, – განაცხადა თურქმა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლის მიზანია პოლიტიკა და ეკონომიკა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვხსნათ ბარიერები, რომლებიც ეკონომიკურ კავშირებს აფერხებს. თურქეთში ბევრი აფხაზი ცხოვრობს, რომლებსაც რესპუბლიკასთან პირდაპირი მიმოსვლა სურთ. თავად თურქებსაც უნდათ ეს, მათ აფხაზეთი უყვართ და აინტერესებთ, ამიტომ, სასურველია პირდაპირი მიმოსვლა შეიქმნას და ინვესტიციების შესაძლებლობა გაიხსნას. აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საზღვაო მიმოსვლაზე. ვგეგმავთ, აფხაზეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის ორგანიზებას, რაც, ჩვენი აზრით, აღიარების პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა დოგუ ფერინჩექმა.

თურქი პოლიტიკოსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მედიის მხარდაჭერით ფართო კამპანიის დაწყებას გეგმავს, შეკრებებს გამართავს და ფართო ეფექტის მოხდენას ეცდება, რომ ევროპიდან-ჩინეთამდე საინფორმაციო ტერიტორიის დაფარვა მოხდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ, თურქეთის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქემალ უშუნჯუ; ჰოლდინგ „ულქერის“ წარმომადგენელი; „ვათანის“ პარტიის წევრები; თურქეთ-აფხაზეთის ასოციაციის წარმომადგენელი ჯანქაი აითექი და საერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროს წარმომადგენელი ერმან სიულუქი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები