გიორგი არაბული: ბავშვები, როდესაც ქუჩაში სისხლიან პოლიტიკურ პლაკატებს ხედავენ, თუ გიფიქრიათ რას გრძნობენ?!
პოეტი გიორგი არაბული სოციალურ ქსელში არასრულწლოვანების თვითმკვლელობაზე და ამ ფაქტებზე საზოგადოების რეაქციის შესახებ წერს.
მისი თქმით, ძალა სიყვარულში და რწმენაშია.
“ამ ორ დღეში, ბევრი ცუდი მოხდა… და აქ, ჩვენს “კედლებზე” რა ხდება?! ჩვენ ბრალად გვედება ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანა – ჩვენი პოსტებით, განცხადებებით, უიმედობით, საყოველთაო ნიჰილიზმით, სასოწარკვეთით, გულგრილობით, ქუჩაში თუ სკოლის ჭიშკარზე გაკეთებული წარწერებით და დადასტურებით, სუიციდის ნომანტიზებით, კადრებით, სადაც 14-15 წლის მეგობრები თანატოლს გლოვობენ… უწყინარ ვიდეოებზე კომენტარებით, ლანძღვით, დაცინვით, დამუქრებით…
იმის მაგივრად, რომ იმედი და სიყვარული გავუნაწილოთ, იქნებ გაუცნობიერებლად საპირისპიროს ვაკეთებთ?!
სკოლაში მიმავალი ბავშვები როდესაც ქუჩაში საკუთარი მშობლების (თუ უბრალოდ უცნობების) სისხლიან პოლიტიკურ პლაკატებს ხედავენ, თუ გიფიქრიათ რას გრძნობენ?!
ძალა სიყვარულში და რწმენაშია. ჩვენ კი ყოველდღიურად ვკლავთ ერთმანეთს “არასიყვარულით”.