პროკურორი: დაკავებული გამომძიებლის საქმეზე დაზარალებულად 2 პირია ცნობილი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებულია საფრთხეებით, ეს არის მტკიცებულებების მოპოვების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ დაკავებული გამომძიებელის მარიანა ჩოლოიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორმა ასევე განმარტა, რომ საქმე ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს და სხვა ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, რომ ბრალდებულმა საქართველოს სსკ-ს 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩაიდინა.

“აღნიშნული გულისხმობს, მოწმეთა ზემოქმედებას გამოძიების ეტაპზე, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით ჩვენების მიცემის იძულება”, – აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ.

პროკურორის თქმით, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2 პირი, საუბარია დანაშაულის 2 ეპიზოდზე და ბრალდების მხარე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძემ რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემისას პოლიციის ზეწოლის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები