საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები ამერიკელ კანონმდებლებთან გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის წევრებმა ყურადღება ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, დეოკუპაციის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხების განხილვას დაუთმეს.

ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრებზე აშშ-ის ფასდაუდებელი როლი, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ხაზგასმით აღინიშნა.

პრიორიტეტულ თემას, აგრეთვე, ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში, უმაღლეს დონეზე, საქართველოს საკითხის პერმანენტული შენარჩუნება წარმოადგენდა, მათ შორის, რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართულებით.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომლის ნათელი დადასტურებაა კონგრესის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტი.
დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს პარლამენტსა და აშშ -ის კონგრესს შორის ურთიერთობის გაძლიერება და გაღრმავებაა.

დღის ბოლოს, კონგრესში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც კონგრესმენები ადამ კინზინგერი, რიკ ლარსენი, სტივ კინგი და ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“​ერთ-ერთი პირველი საკითხი, რითაც ვიწყებდით საუბარს ეს არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ჩვენ ბოლომდე ავუხსენით მათ, ვინც უფრო ნაკლებად იცნობდა ამ სიტუაციას, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ და ვთხოვეთ, რომ ნებისმიერი ფორმატი გამოვიყენოთ. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება”,-განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.

„ჩვენ გვქონდა დეტალური საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მათი განვითარების, გაღრმავების და შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები, ისევე, როგორც ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მათი მზარდი მილიტარიზაცია და ისეთი პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია”,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

„საუბარი გვქონდა თემებზე, რომელიც ამ ურთიერთობებს უკავშირდება. ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბუნებრივია, დაინტერესებული არიან ამ პროცესებით”,-განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

​დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი კახა კუჭავას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები