იურისტი, ჩოლოიანის გარდა, იმ პირთა იდენტიფიცირებასაც ითხოვს, რომლებიც არასრულწლოვანს ბრალის აღიარებას აიძულებდნენ
პოლიციელები არასრულწლოვანს ემუქრებოდნენ, რომ თუკი ბრალს არ აღიარებდა, მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა რეზო აჭარაძემ, 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გარდა, 15 წლის ლუკა სირაძისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას კიდევ რამდენიმე პოლიციელი ითხოვდა.
“ლუკას ესაუბრებოდა დაახლოებით 3-4 პოლიციელი, მათ შორის, მარიანა ჩოლოიანი და ეს პოლიციელები ემუქრებოდნენ არასრულწლოვანს, რომ თუკი არ აღიარებდა ბრალს, მის ძმას, ბექას შეექმნებოდა პრობლემები გორის სამხედრო აკადემიაში. ვთვლით, რომ ბრალი რა თქმა უნდა, არის დასაბუთებული, თუმცა უნდა მოხდეს იმ სამი პოლიციელის იდენტიფიცირებაც, ვისზეც საუბრობენ უსაფრთხოების მენეჯერი და დედა, შემდგომ მათაც უნდა წარედგინოთ ბრალი,“ – განაცხადა რეზო აჭარაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.