არჩილ თალაკვაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰელენ სანდ ანდერსენს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა ორმხრივი ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩს დამატებითი ინფორმაცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან და პარლამენტის გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, ასევე, საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას დაეთმო.
ჰელენ სანდ ანდერსენმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, ასევე, ინსტიტუციურ განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.