თეა წულუკიანი: ვაკვირდები როგორ განვითარდება გამოძიება, გაფართოვდება თუ არა წრე, მოიცავს თუ არა სამართალდამცავ სტრუქტურაში სხვა პირებს

ვნახოთ, გაფართოვდება თუ არა წრე, მოიცავს თუ არა სამართალდამცავ სტრუქტურაში სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია და ასევე ძალოვანი სტრუქტურების გარდა საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის სკოლის მესვეურებს და წარმომადგენლებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს და ყველა გამოძიების შედეგს უნდა დაელოდოს.
 
“თუ შევძლებთ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც გამომძიებლები, ვერც პროკურორები, მით უმეტეს ვერც მოსამართლეები. შესაბამისად, თქვენთან ერთად ვაკვირდები როგორ განვითარდება გამოძიება. მესმის, რომ საქართველოში ძალიან მოდაშია, რომ გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ ყველამ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. ამიტომაც, მეც ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა წრე გამოსაკითხი ან დასაკითხი პირების. თქვენ იცი, რომ გამოსაკითხი პირი შეიძლება იყოს მოწმე, ხოლო დასაკითხი პირი ის ვინც პასუხისგებაშია მიცემული. ვნახოთ გაფართოვდება თუ არა წრე, მოიცავს თუ არა სამართალდამცავ სტრუქტურაში სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია და ასევე ძალოვანი სტრუქტურების გარდა საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის სკოლის მესვეურებს და წარმომადგენლებს, ამიტომაც არის ეს საქმე კომპლექსური.
 
რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ეს არის ძალიან კარგი კოდექსი და ეს არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომლის გადაღებასაც ცდილობს ძალიან ბევრი დასავლეთ-ევროპული ქვეყანა და ახლახან ლუქსენბურგმა დაიწყო ჩვენი მოდელის მიხედვით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომე კოდექსი კოდექსობდეს, მაშინ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით შესრულებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს იქნება ეს პოლიციელი, სოციალური მუშაკი, პროკურორი თუ სხვა. იყო თუ არა ქართული კარგი მართლმსაჯულების კოდექსი კარგად გამოყენებული იმ დღეს, მოცემული არასრულწლოვანი პირის გამოკითხვისას თუ დაკითხვისას ამაზე მე ჩემი პასუხები შეიძლება მქონდეს, მაგრამ უნდა დაველოდოთ რას იტყვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რადგან მას მიჰყავს გამოძიება”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები