“მწვანე სკოლის” დირექტორი: ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი, მაპატიე, შვილო
“მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის გარდაცვლილ მოზარდს პატიებას სთხოვს.
“ალბათ, ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი, მაპატიე, შვილო…”, – წერს კახა დავითური “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. რასაც წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.
როგორც მოზარდის ინტერესების დამცველი, „საიას“ იურისტი, რეზო აჭარიძე აცხადებს, დაკითხვის დროს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს, მას ჩვენების იძულებით მიცემას ედავებიან. ჩოლოიანის უფლებადამცველის განაცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტზე, გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.