15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეგიონებში მიმდინარე აქციებს ზუგდიდიც შეუერთდა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარე აქციებს ზუგდიდიც შეუერთდა.

ზუგდიდში, “სკეიტ პარკის” ტერიტორიაზე, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ფორმით თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი იაშვილის კლინიკაში წუხელ გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა.რასაც წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

როგორც მოზარდის ინტერესების დამცველი, „საიას“ იურისტი, რეზო აჭარიძე აცხადებს, დაკითხვის დროს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს, მას ჩვენების იძულებით მიცემას ედავებიან. ჩოლოიანის უფლებადამცველის განაცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, “მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე, გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები