“ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე” – ერეკლე კუხიანიძემ ოკუპირებულ ტერიტიორიაზე გადასვლა სცადა (ვიდეო)
საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სცადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზღვარზე გადასვლის მცდელობისას ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.
“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი ის მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის,”- განაცხადა კუხიანიძემ.
კუხიანიძემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც სცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამაცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.
16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.