გიორგი ტყემალაძე: ერეკლე კუხიანიძის გადაყენების საკითხზე საკრებულოს უმრავლესობამ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღეს საკრებულოს უმრავლესობიდან ერეკლე კუხიანიძის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოს უმრავლესობა ამ საკითხში ერთსულოვანია.
„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია. რა თქმა უნდა, რთულია ამ ფონზე დღეს სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, მაგრამ მედიის ინტერესი დიდია და მინდა გაცნობოთ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს როგორც უმრავლესობა, ასევე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ერეკლე კუხიანიძისთვის საკრებულოს წევრის მანდატის შეწყვეტა, პროცედურის მიხედვით, მხოლოდ დეპუტატის, ამ შემთხვევაში, ერეკლე კუხიანიძის პირადი განცხადების საფუძველზე მოხდება. გიორგი ტყემალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ კუხიანიძის განცხადებებს უკავშირდება, რაც საკრებულოს უმრავლესობისთვის მიუღებელია.