საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 %-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3 %-იან ზრდას პროგნოზირებს. 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით IMF-მა საქრთველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 0.5 %-ით შეამცირა.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ტაო ჟანგის განმარტებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მიმართულებიდან გაზრდილი გაურკვევლობა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობაზე ნეგატიურად აისახება, რასაც ქვეყნის ეკონომიკის საშუალოვადიან პროგნოზებზე უარყოფითი გავლენა აქვს.

„საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების ფონზე მაღალი სტაბილურობა შეინარჩუნა, რასაც ეკონომიკური ზრდის მყარი მაჩვენებელი და მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტი განაპირობებდა, თუმცა რისკები კვლავ მნიშვნელოვანია, რაც საერთაშორისო ინვესტიციებთან მიმართებით მომატებულ გაურკვევლობას უკავშირდება, ეს კი საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივაზე ნეგატიურად მოქმედებს.

უკანასკნელ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაცია გამოწვეულია, როგორც დროებითი ფაქტორებიდან, ასევე ლარის გაუფასურებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ინფლაციურ წნეხზე ემოქმედა. ამასთანავე, გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი ასრულებს ეკონომიკის შოკის შთანთქმის ფუნქციას”, – აცხადებს ტაო ჟანგი.

დღესვე ცნობილი ხდება,რომ ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებული პროგნოზი დაამტკიცა და ქვეყნისათვის 41 მილიონი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები