ზესტაფონის მერიამ 2019 წელს შესრულებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში გამოაქვეყნა
2019 წელს ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 4 674 077 ლარი დაიხარჯა. ქალაქსა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში 30 კმ სიგრძის გზა დაიგო.
ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წელს 32 პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულება 4 177 298 ლარია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 პროექტის განსახორციელებლად 4 195 072 ლარი გამოიყო, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 192 პროექტი განხორციელდა, რაზეც 822 000 ლარი დაიხარჯა.
437 230 ლარი დაიხარჯა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 8 საფეხბურთო მოედნის მშენებლობა – რეაბილიტაცია განხორციელდა. 4 ახალი სტადიონის მშენებლობა ქალაქის N4, N5, N6, და N7 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ასევე, ქალაქში, რამდენიმე ადგილზე 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სოფელ ზოვრეთის საექიმო ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის 19 981 ლარი დაიხარჯა. პროექტი რგფ – ის დაფინანსებით განხორციელდა. ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო პირველ სვირში. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია.
ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 11 საბავშვო ბაღში განხორციელდა. 2019 წელს ზესტაფონში 12 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 522 474 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტააციისათვის 8 300000 ლარი გამოყო. ესენია როდინაული – ობჩის და სადგურ სვირი – ცხენთარო – აჯამეთის დამაკავშირებელი საავტომობილი გზების მონაკვეთი.
2019 წლის ბოლომდე ზესტაფონში დამატებით 9 ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.