არჩილ თალაკვაძე: კონგრესმენების პოზიცია არის ჩვენთვის მეგობრების მოსაზრება, ამას სათანადო ყურადღება დაეთმობა
კონგრესმენების პოზიცია არის ჩვენთვის მეგობრების მოსაზრება, რა თქმა უნდა ამას სათანადო ყურადღება დაეთმობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას.
თალაკვაძის განცხადებით, ამერიკისა და ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია მნიშვნელოვანია.
“კონგრესმენების პოზიცია არის ჩვენთვის მეგობრების მოსაზრება. რა თქმა უნდა, ამას სათანადო ყურადღება დაეთმობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სახელმძღვანელო ჩვენთვის არის ამერიკის მთავრობისა და ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია. ასევე, არსებობს შეფასებითი ანგარიშები, წლიური ანგარიშები, რომელიც აშშ-ს მთავრობას ეკუთვნის, ნატოს ანგარიშები, ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ანგარიშები, სადაც საქართველოს პროგრესი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა და ასევე უსაფრთხოება არის შეფასებული დადებითად. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორ საკითხს, თარიღის გადმოწევა, რაც სამწუხაროდ ჩავარდა პარლამენტში, მეორე ეს არის მოსამართლეები რაოდენობა ორით მეტი მოსამართლის დამტკიცება, ვიდრე ვენეციის კომისია გვირჩევდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის “ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 13 დეკემბრით არის დათარიღებული.
“ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა – და ჰოსპიტალიზებულიც იქნა – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“, – ნათქვამია წერილში.