მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა – დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ, ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.
ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და მოახსენა, რომ მისი შვილი ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის, ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა. წმინდა ბარბარეს თავი საკუთარმა მამამ მოჰკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება.