კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: განვაგრძობთ მაქსიმალურად დიპლომატიურ ზეწოლას, რათა სიტუაციიდან გამოსავალი გამოვნახოთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი აღნიშნულ საქმეს ყურადღებით აკვირდება და ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სხვადასხვა შესაძლებლობას იყენებს.

“ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ვიყენებთ სხვადასხვა შესაძლებლობას, რათა ვიპოვოთ გამოსავალი ამ არალეგალური დაკავებიდან. იყო ჟენევის დისკუსიის ფარგლებში განხილვა. ჩვენი მხრიდან განვაგრძობთ მაქსიმალურად დიპლომატიურ ზეწოლას, რათა გამოვნახოთ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი,” – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები