“მწვანე სკოლასა“ და მე-100 საჯარო სკოლაში მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაზე მუშაობა დაიწყო
“მწვანე სკოლასა“ და მე-100 საჯარო სკოლაში მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაზე მუშაობა დაიწყო,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული ძალიან სამწუხარო ფაქტის – 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაში და პირველ რიგში, იმედს გამოთქვამს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც “მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. სამინისტროში მუშაობს ასევე ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი 0800000088. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი 2200220(3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220(3335). ცხელი ხაზის ნომრები განთავსებულია როგორც მანდატურის სამსახურის საიტზე, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.
როგორც წყარო ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აცხადებს, პოლიციელები მოზარდს “მწვანე სკოლის” შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.