თეა წულუკიანი: დღევანდელ შეხვედრაზე მომიწია, ოპოზიციისთვის შემეხსენებინა, რომ ეს ფორმატი, არც ქართული სასამართლოა და არც პროკურატურა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან ერთად, საუბარი იმ 87-კაციან სიას შეეხო, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებს გასულ შეხვედრაზე წარუდგინა და მათ პოლიტპატიმრები უწოდა.
წულუკიანის თქმით, აღმოჩნდა, რომ 87-პირიანი სიიდან რეალურად ციხეში მხოლოდ ხუთი ადამიანია.
“ვიმსჯელეთ კიდევ მეორე საკითხზე, წინა შეხვედრაზე ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ უცხოელებისთვის დასანახად, თუ მათთვის წარმოსადგენად მოიტანა 87- პირიანი სია, და ძალიან ემოციურად, გულით ამბობდა, რომ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქართულ ციხეში არიან, ესენი არიან პოლიტპატიმრები. დღეს მე აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით მქონდა პატივი, მეთქვა, რომ ეს ასე არ არის. იმავე უცხოელების გასაგონად და დასანახად, რომლის გასაგონად და დასანახადაც იქნა ვითომ ეს პოლიტიკური პატიმრების სია წარმოდგენილი. აღმოჩნდა ის, რომ 87-პირიანი სიიდან მხოლოდ ხუთი ადამიანია რეალურად ციხეში. იგულისხმება ბატონი რურუა, ოქრიაშვილი და სხვები, ისინი არიან ციხეში კონკრეტული ფაქტებისათვის. არაერთი ადამიანი ელოდება სასამართლოს. შესაბამისად, ეს ფორმატი, სადაც ვიკრიბებით, არც ქართული სასამართლოა და არც ქართული პროკურატურა. მე მომიწია, რომ ეს შემეხსენებინა მათთვის. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც განვიხილავთ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დღეს მესამე შეხვედრა გაიმართა.