გიორგი ვოლსკი: ეს არის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივმა შეცდომებმა თავის დროზე შექმნა

ეს არის საოკუპაციო სისტემის, რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივმა შეცდომებმა თავის დროზე შექმნა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ძალისხმევა ოფიციალურ დონეზე, მათ შორის, არაოფიციალურ საზოგადოებრივ დონეზეც გარკვეულ შედეგს გამოიღებს.

“ეს არის საოკუპაციო სისტემის, რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები შექმნა “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივმა შეცდომებმა თავის დროზე. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შეცდომის შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს ხან გატაცებებით, ხან მავთულხლართებით, მაგრამ რეალურად ვფიქრობ, საერთაშორისო ძალისხმევა ოფიციალურ დონეზე, მათ შორის, არაოფიციალურ საზოგადოებრივ დონეზეც გარკვეულ შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ საკითხი გადაწყდება და დაბრუნდება თავის ოჯახში ბატონი ვაჟა. ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ვაჟაა, საქართველოს ისტორიას ახსოვს და მან თავისი ქმედებით, ნაბიჯით მთელ მსოფლიოს შეახსენა, დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რა ხდება საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები