არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი დრო, მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი დრო, მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ არგუმენტებს გააცნობს.
“წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს გამოითქვა მოსაზრება მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან, შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ განვიხილავთ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ამის შესაძლებლობას. ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა სწორედ ამას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიანი ოლქებთან დაკავშირებით, თუ რა შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული და როგორ გაგრძელდება დიალოგი, ამას ვნახავთ შეხვედრის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დღეს მესამე შეხვედრა იმართება.