“ნაცმოძრაობის“ წევრი: ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების ნაცვლად და დილიდან ვართ ქუთაისის მერიაში

თბილისში, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქუთაისიდან საჯარო მოხელეების წასვლასთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, მერია და სრულად ქუთაისი პარალიზებულია, რადგან მერი, მოადგილეები და თანამშრომლები თბილისში წავიდნენ.

მისივე თქმით, ის, თავისი ფრაქციის წევრებთან ერთად, მერიის შენობაში მივიდა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

“დღეს ვართ აბსურდის მომსწრე. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად, ბოქლომი დაადო ქუთაისის მერიას და წავიდა თბილისში. მოქალაქეს რომ შეხვდეს, მერიაში არავინაა დარჩენილი, ამიტომ, ჩვენი ფრაქციის წევრები დილიდან ვართ ქუთაისის მერიაში, რომ მოქალაქეებს გავცეთ პასუხი. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების ნაცვლად და შემოვლას ვაწარმოებთ ქალაქში. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებულებიც წაიყვანეს აქციაზე და ხანძარიც რომ მოხდეს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ მოგვიწევს მისი ჩაქრობა“, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები