ადგილობრივი მედია ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)
ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოკადრებს ესპანური მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი – 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.