გერმანიის საგარეო უწყება: ხანგოშვილის მკვლელობაზე პუტინის განცხადება, დანაშაულის გამართლების მცდელობას ჰგავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ მოსკოვი ბერლინისგან ზელიმხან ხანგოშვილის გადაცემას ითხოვდა, უარყო.
როგორც მინისტრმა ტელეარხის ZDF-ის ეთერში განაცხადა, „რუსეთის პრეზიდენტის მტკიცება იმის შესახებ, რომ ბერლინში ხანგოშვილის გადაცემასთან დაკავშირებით, მოსკოვის თხოვნას „ვერ გაუგეს“, სულელურად ჟღერს და დანაშაულის გამართლების მცდელობას ჰგავს“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.
9 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე და ბერლინიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, ხანგოშვილი, მოსკოვის მეტროში ტერაქტების ორგანიზატორია და რუსეთს არაერთხელ მიუმართავს გერმანიისთვის ხანგოშვილის რუსეთისთვის გადაცემის თხოვნით, მაგრამ ბერლინში „მოსკოვს ვერ გაუგეს“.
11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემბრის გერმანიის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას სარკისებრ უპასუხა, და რუსეთიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა, რომლებმაც ქვეყანა ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.