ხვალ, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
“13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:
– ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;
– დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;
– ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
– მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ნაკადი მობრუნდება ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებს როგორც რესპუბლიკის მოედნის, ასევე, ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. თუმცა, ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით;
– ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე – შოთა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტომანქანებს მოძრაობა თავისუფლად შეეძლებათ.
სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.