სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედებების პრევენციის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ სემინარი გამართა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედებების პრევენციის შესახებ სემინარი გამართა.
მისი თქმით, სემინარის შინაარსი და ევროპული გამოცდილება სამომავლოდ შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.
“ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი და მიმართულებაა – საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება სახელმწიფო ტენდერებში შეთანხმებული მოქმედებების პრევენციის თაობაზე. მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმსჯელოთ და ძირეულად შევისწავლოთ კონკურენციის სააგენტოსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკა. მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის კუთხით – ეფექტიანი მექანიზმები, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო უწყებებს შორის კოორდინაციის მეთოდები. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” თანაორგანიზებით, დღეს საქართველოში იმყოფებიან საერთაშორისო ექსპერტები კონკურენციის სფეროში – ავსტრიიდან, რუმინეთიდან და ლიეტუვადან, რომლებიც ქართველ კოლეგებს, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სემინარის შინაარსი და ევროპული გამოცდილება სამომავლოდ შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ და მონაწილეებს წარმატებული, ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.
სემინარი კონკურენციის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იღებდნენ.