პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს, – ამის შესახებ “კვირას” შსს -დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს და 1967 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები