გიგი უგულავა ბრალის წარდგენაზე – “ასეთი რაღაცები ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება”
“ასეთი რაღაცები ხდება ბელორუსში, რუსეთში, უზბეკეთში, შუა აზიაში, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში ასეთი რამეები არ ხდება. ხვალ თითქოს სასამართლო პროცესი უნდა იყოს, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. საპატიმროს შესახებ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ შეიძლება შეეცადონ, რომ პასპორტი ჩამომართვან ან რაღაც ასეთი მანიპულაცია”,- განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება მისი გამგზავრების მიზეზებს, როგორც უგულავამ განაცხადა, საქმე ივანიშვილის საქმიანობას და გარკვეულ კორუფციულ დანაშაულებში მის შესაძლო კავშირს ეხება.
“ყველანაირ განვითარებას ველოდი დღეს, მაგრამ ასეთს არა. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბრალდებული მე ვარ იმ ადამიანის ცემაში, რომელიც თავს დამესხა. სათვალით ღამე რატო ვივლიდი, ე.ი. გარკვეული დაზიანებები მაქვს ხო?! გამოდის, რომ მე დავესხი მას თავს, საკუთარ თავს მივაყენე ასევე დაზიანებები და ის ადამიანი, რომელიც ძიუდოისტია, სპორტსმენია, თურმე არის უმანკო კრავი, ეს არის ივანიშვილის სამართალი. დაგესხმებიან თავს და მერე ბრალსაც შენ წაგიყენებენ.
მე კონკრეტული მიზეზით მივდიოდი, რომელიც ივანიშვილისთვის, როგორც აღმოჩნდა და ეს მასკარადი ამის ნათელი დადასტურებაა, მტკივნეული შედეგებს იქონიებს. მე არ წავალ, სხვა წავა. თუ მასალები არის ობიექტურად ვარგისი, მტკიცებულებები არის წონადი, მაშინ ამას საზოგადოება გაიგებს. წასვლის მიზეზები, თემები არის ივანიშვილის საქმიანობა ძირითადად 90-იან წლებში. ეს არის შეკვეთილი მკვლელობები რუსეთში, ფულის გათეთრება, თაღლითობები და მთელი ეს კორუფციული კასკადი, რომელიც, სავარაუდოდ, მას ეხება, ყოველი შემთხვევისთვის, მე ამის შესწავლის შესაძლებლობა არ მომეცა, მაგრამ სხვა მაინც შეისწავლის. იმედი მაქვს, რადგან ამ რეაქციიდან ჩანს, რომ “ქურდს კუდი ეწვის”, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.