ნინო ლომჯარია: პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ის კანდიდატები უნდა დაამტკიცოს, რომელთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს.
მისივე თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე წარიმართა.
“იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზული ხარვეზები დავინახეთ კანდიდატების შერჩევის პროცესში, გასაჩივრებული გვაქვს მოქმედი კანონი და ვითხოვთ მის არაკონსტიტუციურად ცნობას. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს და რომელთა მიმართაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით. უნდა დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმ რაოდენობით მოსამართლეობის კანდიდატებს, რა რაოდენობაც არის საკმარისი უზენაესი სასამართლო ნორმალური ფუნქციონირებისათვის,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში ხვალ გაიმართება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.