კარლ ჰარცელი: გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა საქართველოში მალე დადგება დღის წესრიგში
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოში მალე დადგება დღის წესრიგში, გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან დიდი ხანია დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით პრობლემაა.
„ჩვენ ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკაში იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს და გაძლიერდეს ახალი კანონმდებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მინიმუმამდე დავიდეს დარღვევების რაოდენობა, უზრუნველვყოთ სრული ლეგალურობა ყველა პარამეტრით, იყოს გასაგები და მუშა. უნდა გავაგრძელოთ კვლევა და არსებული ტრენდი უნდა შევცალოთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ და ყველა აქტორმა საქართველოში ეს სერიოზულად მიიღოს.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მალე დადგება დღის წესრიგში, იქნება გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა, რაც გვჯერა, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემის სტაბილურობისთვის. უკვე მრავალია თვეა პრობლემები გავაქვს დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებლებთან. თავშესაფრის სისტემა მოწყობილია, რათა დაიცვას ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ომს, კონფლიქტს ან დევნას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა მიიღებს თავშესაფარს. თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს სისტემაზე და დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთან. ზოგჯერ ამას აქვს კრიმინალური ბუნება, ზოგჯერ ეს ეხება სამედიცინო სისტემის გამოყენებას ანუ არსებულ წესებთან თანხმობაში არ მოდის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული იყო, ჩვენ ვხედავთ ძალისხმევას, ამბიციას, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს.
საქართველოს 500 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა თავისუფალი სავიზო რეჟიმით მინიჭებული შესაძლებლობა. ეს ძალიან კარგია, რადგან ადამიანებს აკავშირებს, ხელს უწყობს მოგზაურობას ორივე მიმართულებით, ეს კარგია ადამიანების კონტაქტისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.