ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე: მოსამართლეობის კანდიდატთა სია სრულად უნდა ჩავარდეს

ხვალ არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ხდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და კომპეტენციის ბედის გადაწყვეტა მომავალი 20-25 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ადვოკატმა მაია ბაქრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

ბაქრაძე პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით ხვალ დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კენჭისყრის პარალელურად გაიმართება.

როგორც მაია ბაქრაძემ განმარტა, იურისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია სრულად უნდა ჩავარდეს.

„ხვალ არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ხდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და კომპეტენციის ბედის გადაწყვეტა მომავალი 20-25 წლის განმავლობაში, რადგან მოსამართლეთა კანდიდატები, ძირითადად, ამ ვადით ინიშნებიან, ანუ საპენსიო ასაკამდე ვადით.
რატომ დავდექით ამ პრობლემის წინაშე – საქართველოს პარლამეტში მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა, ფაქტობრივად, მოხდა სასამართლოში არსებული ვიწრო, გავლენიანი ჯგუფის მიერ. პროცესმა სრულად დაგვანახა ის, რაზეც მე და ჩემი არაერთი კოლეგა მანამდეც ვსაუბრობდით, რომ ასეთი პრობლემა იყო სასამართლოში. მთელი პროცესი წარიმართა ისე, რომ როგორმე ისეთი ხალხი შერჩეულიყო, რომელთაც არ აქვთ არანაირი უნარი და სურვილი, რაიმე ნიშნით სასამართლოში კლანურ მმართველობას წინააღმდეგობა გაუწიონ. ვნახეთ, რომ მთელი პროცესები თავიდანვე დიდი ხარვეზებით იყო. 50 სრულიად შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ადამიანიდან შეირჩა კლანისთვის კიდევ უფრო საიმედო 20 ადამიანი. გასაუბრებების შედეგად პრობლემები იქნა დანახული. ეს პრობლემა შესაძლოა ყოფილიყო როგორც კომპეტენციის, ასევე კეთილსინდისიერებისა. თამამად შემიძლია ვთქვა, მოსამართლეობის არცერთი კანდიდატი არ არის თავისუფალი.

რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, იურისტების გარკვეული ნაწილი ვფიქრობთ, რომ ეს სია უნდა ჩავარდეს. აქციაზე მოვითხოვთ სწორედ ამას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები