ლაშა დარსალია: რუსეთის დელეგაციაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით რუსეთის დელეგაციაზე პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.
“უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთის დელეგაციაზე, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე მოხდეს ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ ეს პრაქტიკა დავიწყებული იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”,- განაცხადა დარსალიამ.
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება, რომელზეც განსახილველ მთავარ თემებს შორის უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.