სოფო კილაძე: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და ადამიანის უფლებების მიმართულება საგრძნობლად არის გაუმჯობესებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში გამოვლენილ ტენდენციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული რეფორმის შედეგად ადამიანის უფლებათა მიმართულება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

“ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და არავისთვის უცხო არ არის, რომ საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ადამიანის უფლებების მიმართულება.

თუ არის ასეთი ცალკეული შემთხვევები არაფორმალური ჯგუფების გავლენების, რა თქმა უნდა, ამას უნდა შესაბამისი რეაგირება და ჩვენ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოვახდინოთ”,- განაცხადა კილაძემ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებზეც გაამახვილა ყურადღება.

“2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. მონიტორინგის პროცესში, თავისუფლება შეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT)”,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები