ქუთაისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.

“დღეს არის ადამიანის უფლებების დაცვის დღე და ამ დროს გვაქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტი. ვაჟა გაფრინდაშვილს შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილება თავისივე ქვეყანაში, შეეზღუდა პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება. უკვე ერთი თვეა ის უკანონოდ იმყოფება ოკუპირებული ტერიტორიის იზოლატორში. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, გამოიყენოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ვაჟა ექიმი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და პროფესიული მოვალეობის შესრულებას“ ,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნების“ რეგიონულმა წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები