პუტინმა, ევროპელ ლიდერებთან, ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, მოსკოვის მეტროში ტერაქტების ორგანიზატორია.
„ის ძალიან სასტიკი და სისხლიანი მებრძოლია. მხოლოდ ერთ აქციაში, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, 98 ადამიანი იქნა მოკლული. ის იყო მოსკოვის მეტროში ტერაქტების ორგანიზატორი. არ ვიცი მას რა მოუვიდა – დანაშაულებრივი გარემოა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა პუტინმა, თუმცა არ დაუზუსტებია რომელ ტერაქტებზე იყო საუბარი.
მისი თქმით, რუსეთს არაერთხელ მიუმართავს გერმანიისთვის ხანგოშვილის რუსეთისთვის გადაცემის თხოვნით, მაგრამ ბერლინში მოსკოვს ვერ გაუგეს.
„რუსულ მხარეს არაერთხელ დაუყენებია გერმანელი კოლეგების წინაშე ამ მკვლელის გადაცემის საკითხი. სამწუხაროდ, ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ“, – აღნიშნა პუტინმა.
ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას პუტინმა „არაკორექტული“ უწოდა და აღნიშნა, რომ „დაუწერელი კანონები“ სარკისებრ პასუხებს საჭიროებენ.
„თქვენ ჩვენს დიპლომატებს აძევებთ, ჩვენ თქვენებს გავაძევებთ. ეს არის და ეს“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ „არ ფიქრობს, რომ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობაში ამ მოვლენის გამო, შეიძლება რაიმე სახის კრიზისი გაჩნდეს“.
რაც შეეხება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, მან პარიზში განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრაზე მიიღო პირობა, რომ რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში, ბერლინს დაეხმარება.